"ქართული ოცნება" საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მანიპულაციად აფასებს.
მმართველი გუნდის წევრის, ლევან მახაშვილის შეფასებით, ამ გამოსვლის მიზანი ცესკოზე ზეწოლის გაძლიერება და საზოგადოებაში მუხტის აწევაა.
"პროცედურა არის შემდეგი - ცესკო შეაჯამებს თავის საარჩევნო შედეგებს, გადმოაგზავნის მთლიან სამართლებრივ პაკეტს პარლამენტში, შემდეგ კი პარლამენტი განიხილავს და მანდატს მისცემს ან არ მისცემს ამ ადამიანებს. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ სამართლებრივი პროცედურებიდან არის გასული, არის მხოლოდ პოპულიზმი და ემსახურება ერთადერთ მიზანს - ვხედავთ, რომ არაფერი სათქმელი არ აქვთ და ცდილობენ დამატებითი ემოციური მუხტის შეტანას მოსახლეობაში, რომ იქნებ, დემონსტრაციაზე მაინც, რაღაცნაირად გამოიყვანონ ხალხი", - აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს კოალიცია "ცვლილებებისთვის" და კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. მათი თქმით, პარტიული სიის თითოეული წევრი ინდივიდუალური წერილით მიმართავს ცესკოს, არ გატარდეს რეგისტრაციაში.