30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ ამ პარტნიორობას გავაგრძელებთ - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო"ბრაიენმა, თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ:
"მიხარია რომ დღეს აქ ვიმყოფები, ახლახან დავასრულე შეხვედრები, შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის სპიკერს, სამოქალქო საზოგადოებას, ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ამერიკელები და ამერიკა ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა გაზიარებული არია თუ არა კიდევ საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან მოყოლებული ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. განვახორციელეთ დახმარება 6 მილიარდი დოლარი ოდენობით და ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, ქვეყნის განვითარებას, თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების განვითარებას და ა.შ.
30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ ამ პარტნიორობას გავაგრძელებთ. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა დაახლოებოდა ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვიდექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვამაყობთ, რომ გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და დახმარება საქართველოს მომავალ გზაზე," - განაცხადა ჯიმ ო"ბრაიენი.