საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკური გზავნილებით არის გაჯერებული, მოკლებულია სამართლებრივ, პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს არასწორ ინფორმაციას. მმართველ გუნდში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს, მანიპულაციურ მიდგომებსა და საქართველოში საპროტესტო მუხტის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს.
"ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, სამართლებრივი დასკვნის ნაცვლად, პოლიტიკური შინაარსის დასკვნა დაწერა.
"როგორც ჩანს, ვენეციის კომისიამ ფუნქცია შეიცვალა. გასაგებია, საიდან იყო ეს დავალება. იმის ნაცვლად, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივი დასკვნები დაეწერა, პოლიტიკური შინაარსის დასკვნა დაწერა და ლამის ტრაფარეტი იყო – არა რუსულ კანონს. ვენეციის კომისიას რეპუტაციულად ასე შელახული დასკვნა აქამდე არ დაუწერია.
დაწერო, რომ აქციები იყო მშვიდობიანი და რატომ დაარბიე?! - ჯერ ერთი, ეს ვენეციის კომისიის ფუნქცია როდის აქეთ არის? და მერე მორე, ტყუილს წერ.
ზოგიერთი ინსტიტუცია, ყველა არა, მათ შორის ევროპაშიც ექცევა უცხოური ძალის გავლენის ქვეშ - რატომ გვიკვირს, რომ ვენეციის კომისიას დაავალეს და დააძალეს, პოლიტიკური დასკვნა დაეწერა სამართლებრივის ნაცვლად?!" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.