09 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ჰონგ-კონგის მოსახლეობა დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვს

ჰონგ-კონგში დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნით დაწყებული გამოსვლები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. ჩინეთის ადმინისტრაციულ რაიონში შეტატაკებები უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება. 

ჰონგ-კონგის ცენტრში ქუჩები ამ დრომდე პარალიზებულია. ჩინეთის ცენტრალურ რაიონში დემონსტრანტებსა  და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. პოლიცია ანტისამთავრობო ძალების დაშლას ცრემლსადენი გაზით ცდილობდა. არეულობის დროს 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაკავებულთა რაოდენობა კი 80-ს აღწევს.

აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგში საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითხოვენ. მათ სურთ 2017 წელს ადგილობრივი ადმინისტრაციის მმართველი პირდაპირი წესით  აირჩიონ. ამ მოთხოვნით  საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.  გამოსვლები მასშტაბურ არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მომიტინგეებმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს, პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა და დახურულია სკოლებისა და ბიზნესდაწესებულებების ნაწილიც.

საპროტესტო აქციების გამო ოფიციალური პეკინი გარკვეულ დათმობებზე წავიდა და მოსახლეობას შესთავაზა ახალი ლიდერი საარჩევნო კოლეგიის მიერ დამტკიცებული რამდენიმე კანდიდატიდან აარჩიოს. ხელისუფლების ეს შეთავაზება ოპოზიციამ უარყო და ხელისუფლების ლიდერის არჩევის პროცესის სრული დემოკრატიზაცია მოითხოვა.

მედიამ ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებს „ქოლგების რევოლუცია“ უწოდა. ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ დემონსტრანტები ქოლგებით თავის დაცვას.

დღის ამბები