21 დეკემბერი 2024,   16:07
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუცია - როგორ აფასებს მმართველი გუნდი საქართველოს შესახებ ჩანაწერს 

ევროპარლამენტის რეზოლუცია დამტკიცებულია. დოკუმენტს 495 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში ნათქვამია, რომ კანონები - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის", და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ყველა დაფინანსება უნდა გაიყინოს. დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა ის პირი, ვინც საქართველოში დემოკრატიის ხელყოფაზეა პასუხისმგებელი. რეზოლუციაში გადაუდებელ მოთხოვნად ჩაიწერა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. დოკუმენტის მხარდამჭერებმა არ გაითვალისწინეს ევროპარლამენტის დეპუტატთა ერთ-ერთი ჯგუფის შესწორება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში არჩევნები ნებისმიერი უცხოური მხარის ჩარევის გარეშე უნდა ჩატარდეს.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში პარლამენტის თავმჯდომარისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელი ის ნაწილია, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესებაზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საბოლოოდ, დოკუმენტის შინაარსი და ევროპარლამენტარების მიზანი ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში "ნაციონალური მოძრაობისთვის" განსაკუთრებული მნიშვნელობის ის პუნქტია, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი. დოკუმენტში მისი გვარის დაფიქსირებისთვის ჩანაწერის ავტორებს მადლობა კლინიკა "ვივამედის" პალატიდან მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმაც გადაუხადა.

კონკრეტულ საქმეებში ბრალდებული და მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის უპირობოდ გათავისუფლების ჩანაწერი, მმართველი გუნდის ლიდერებისთვის არც დემოკრატიულია და არც სამართლიანი. "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, სააკაშვილი ვერც ევროპული და ვერც სხვა სტანდარტით მართლმსაჯულებას თავს ვერ აარიდებს.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, ოპოზიციური პარტიები, პარტნიორების საპასუხო რეაქციას უწოდებენ.

რეზოლუციის შინაარსი მმართველი პარტიისთვის უსაფუძვლო ბრალდებებსა და სიცრუეზეა აგებული. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ დოკუმენტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

ახალი მოწვევის ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველოსტან დაკავშირებით პირველია. 654 დეპუტატიდან დოკუმენტს მხარი 495-მა დაუჭირა, 73 მის წინააღმდეგ წავიდა 86 კი კენჭისყრაში მონაწილოებისგან თავი შეიკავა.

დღის ამბები