16 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ვეტოს არ დაძლევა, რეალურად არის ბოლო შანსი, რომელიც გააჩნია ამ ხელისუფლებას - გრიგოლ გეგელია

აშშ-ის მხრიდან სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის დაანონსებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. მათი თქმით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს მცირე დრო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს და ვეტოს დაძლევა გადაიფიქროს. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დგას სრული საერთაშორისო იზოლაციის წინაშე, სანქციების წინაშე.

"ვეტოს არ დაძლევა, რეალურად არის ბოლო შანსი, რომელიც გააჩნია ამ ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ ეს ხელისუფლება დგას სრული საერთაშორისო იზოლაციის წინაშე, სანქციების წინაშე. მათ და მათ ოჯახის წევრებს ემუქრებათ ის, რომ ვერ გადაადგილდნენ ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. მათ შეუძლიათ, რომ რეალურად ასე გააგრძელონ ქცევა. ამ შემთხვევაში, ისინი გამოცდიან ძალიან კარგად სინამდვილეში რას ნიშნავს სანქციები, მაგრამ ახლა მაინც გააკეთონ ის, რაც არის სწორი ამ ქვეყნისთვის," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს და ქვეყნის მეგობრებს უნდა მოუსმინოს.

"ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი არის ქართველი ხალხისა და საქართველოს გვერდით. შესაბამისად, ქართველი ხალხის მიზანი არის ის, რომ ამ ხელისუფლებას როგორმე ათქმევინოს უარი რუსული კანონის მიღებაზე, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზასა და ეროვნულ ინტერესებს," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

 

 

 

დღის ამბები