28 ივნისი 2024,   13:35
ვრცლად
მოვუწოდებ NDI-ის, შეწყვიტოს პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩარევა, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება - ირაკლი ზარქუა

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან, სადა "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე და იმ საფრთხეებზე ესაუბრებიან, რაც მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის გზაზე შეიძლება წარმოიქმნას.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიაა. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ NDI-ის, შეწყვიტოს პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩარევა, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება - ეს მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებებიდან იქნება რეაგირება, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას აუწყონ, რომ ეს არის მავნებლობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობით აკრძალულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტიკური ორგანიზაციები დააფინანსონ. ზარქუას განცხადებით, სექტემბრიდან, "გამჭვირვალობის კანონის" მიხედვით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დარეგისტრირება და თუ კარგ საქმეს გააკეთებენ, ბუნებრივია, ყველა მადლობას გადაუხდის.

"ამის მანდატი არ გააჩნია არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, კანონმდებლობით არის აკრძალული, რომ აფინანსონ პოლიტიკური ორგანიზაციები თავიანთი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. თან როგორი? - ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური, ანტიოჯახური და ამას უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომაც არის, რომ გაშუქება აქვთ, თავიანთი მხარდამჭერები მიჰყავთ ავტობუსებით და იმას ხვდებიან, ვის ატყუებენ, მაგრამ ესეც კი მიუღებელია NDI-ის და მსგავსი ორგანიზაციების მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ის ქართული კანონი, რაც მივიღეთ უცხოური გავლენის შესახებ, მათ მოუწევთ დარეგისტრირება უახლოეს პერიოდში. ახლა არის შესაბამისი პროცედურები და სავარაუდოდ სექტემბრიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დარეგისტრირება, რომ ისინი არიან უცხოური ქვეყნის ძალა და მისგან დაფინანსებულები, თუ კარგ საქმეს გააკეთებენ, ბუნებრივია, ყველა ავდგებით და მადლობას ვეტყვით, როგორც აქამდე ვეუბნებოდით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ანტიქართული, ჩვენი მართლმადიდებლობის, ჩვენი ეკლესიის, ტრადიციების, ქართული ინტერესების საწინააღმდეგო - ყოველთვის ვამხელთ და პირდაპირ ვეტყვით, რომ ეს არის უცხო ქვეყნის გავლენა", - განაცხადა ზარქუამ.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მხოლოდ ქალი დეპუტატების შეხვედრები დისკრიმინაციულია და NDI, პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, დისკრიმინაციულ მიდგომებსაც აფინანსებს.

"მიმდინარეობს შავი ფულის ხარჯვა სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ. ვითომ, ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაცია, NDI-ის სახით, აფინანსებს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას. მერე გამოვა NDI და იტყვის - მე ვარ ობიექტურიო და შეაფასებს არჩევნების შედეგებს. ამას ხალხი ხედავს.

რას ნიშნავს ქალი დეპუტატების სიარული, მარტო ქალებს ხვდებიან საზოგადოებაში, ეს არ არის დისკრიმინაციული მიდგომა?! პოლიტიკურ აქტივობასთან ერთად, დისკრიმინაციულ მიდგომას უფინანსებს NDI, ასეთ თავხედურიარევა საქართველოს საშინაო საქმეებში ყოველთვის იქნება მიუღებელი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

დღის ამბები