26 ივნისის გამარჯვებასა და საეტაპო ნაბიჯს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მალევე, სპორტსმენებისათვის განკუთვნილი უპრეცედენტოდ მაღალი პრემია მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილმა დანაპირები შეასრულა - ეროვნული ნაკრები 30 მილიონ ლარს მიიღებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ფეხბურთელებს ჯილდოს პირობა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მისცა. საჩუქრის მისაღებად, სპორტსმენებს სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე ჯგუფური ეტაპი უნდა დაეძლიათ. ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ ნაკრებს, მერვედფინალიდან გასვლის შემთხვევაშიც, დამატებით, 30 მილიონით დააჯილდოებს.
ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი და დამატებით კიდევ ერთ სოლიდური პრიზის პირობა საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. სახელისუფლებო გუნდში მოთამაშეების სტიმულირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქართველი ფეხბურთელების მიღწევა მხოლოდ დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებს.
ფეხბურთელებს დღეს მადლობა საქართველოს პარლამენტის წევრებმაც გადაუხადეს. ეროვნული ნაკრების ქომაგთა ჰიმნად ქცეული სიმღერა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სესიის გახსნის დროს შეასრულეს.
დეპუტატებს დღეს მადლობის გადახდა არც კოლეგისთვის დავიწყებიათ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვეტერანი ფეხბურთელისა და, ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სახელი დღეს დარბაზში ყველაზე ხმამაღლა ისმოდა.
ემოციებმა, სიხარულმა და გამარჯვების რწმენამ 26 ივნისს საქართველო კიდევ ერთხელ გააერთიანა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სენსაციურ დებიუტს კონტინენტის პირველობაზე განაგრძობს. ახლა წინ 30 ივნისი, კიოლნი და ესპანეთის ნაკრებთან გასამართი მორიგი ისტორიული შეხვედრაა.