ბრიუსელში, რამდენიმე საათია, მიმდინარეობს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გაფორმებაა, რომელიც, სამხედრო დახმარებასთან ერთად, ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს. ასევე, ევროინტეგრაციასa და თანამშრომლობის სხვა სფეროებს. გარდა ამისა, სამიტის დროს უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის ახალი ლიდერები.
სამიტის დაწყებამდე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ, თქვა, რომ შესაძლოა საქართველოს საკითხიც მოკლედ განიხილონ.
"შესაძლოა, საქართველოს საკითხი დღეს მოკლედ განვიხილოთ, მაგრამ მე ვღელავ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. მე ვესაუბრე პრეზიდენტს. სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ჩვენ ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ყველაფერი ახლა თქვენზეა დამოკიდებული," - აღნიშნა რუტემ.
კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოში "საქმე კარგად მიდის".
"პირველ რიგში, გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში საქმეები კარგად მიდის. ვგულისხმობ, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა კარგადაა, მთავრობა კარგად მუშაობს, ეკონომიკა უმჯობესდება. ვფიქრობ, თქვენ სწორ გზაზე ხართ," - განაცხადა ორბანმა.