28 ივნისი 2024,   13:35
ვრცლად
ევროკავშირიც იმ მესიჯბოქსებით მუშაობს, რომლითაც ამერიკელი პარტნიორები მოქმედებენ - ირაკლი ზარქუა ლუქსემბურგში მიმდინარე სხდომაზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხს განხილვა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ შეაფასა. მისი განცხადებით, ევროკავშირიც იმ მესიჯბოქსებით მუშაობს, რომლითაც ამერიკელი პარტნიორები მოქმედებენ.

ზარქუას განმარტებით, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც და წესით, ევროპა უნდა გამოფხიზლდეს.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, დამოუკიდებელი საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ მოეწონა და ამის გამო კანონმდებლები დაგვასანქცირა, როგორც ამბობენ. ჯერ არ გადამიმოწმებია, ამერიკაში რომ ჩავალ გეტყვით სანქციების ქვეშ მოვხვდი თუ არა.

გესმით რა "სამართლიანობის ზეიმთან" გვაქვს საქმე. პირდაპირ გეტყვით, ევროკავშირიც მუშაობს იმ მესიჯბოქსებით, რომლითაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მოქმედებენ. სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. ოღონდ რის გამო, ერთი არგუმენტი მაინც გვითხრან. ღიად, საჯარო დისკუსიებისთვისაც მზად ვართ, უბრალოდ აგვიხსნან რის გამო. ამ კანონზე გაცილებით უფრო მკაცრი თვითონ მიიღეს და ახლაც ამზადებენ. ამის გამო გვსჯიან?! ჩვენ მზად ვართ. თუ მე უნდა დავსანქცირდე ამის გამო, დაე დავსანქცირდე. ადრე თუ გვიან, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც და ის რაც ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ხდება, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით უნდა გამოფხიზლდეს ევროპა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ლუქსემბურგში ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.

დღის ამბები