01 ივლისი 2024,   03:12
ვრცლად
ბაიდენისა და ტრამპის დებატები CNN-ის პირდაპირ ეთერში - ერთი თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებისთვის იბრძვის, მეორე ოვალურ კაბინეტში სკამის შენარჩუნებისთვის

ყოფილის და მოქმედის დუელი CNN-ის პირდაპირ ეთერში - 45-ე და 46-ე პირველი საჯარო დებატები 2020 წლის შემდეგ. ერთი თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებისთვის იბრძვის, მეორე ოვალურ კაბინეტში სკამის შენარჩუნებისთვის, ერთი დემოკრატია და რუსეთ-უკრაინის ომში კიევის ღია მხარდამჭერი, მეორე კი რესპუბლიკელი, რომელსაც ევროპის კონტინენტზე ომის დასრულება სურს. 81 წლის ჯო ბაიდენი და 78 წლის დონალდ ტრამპი ერთმანეთს აუდიტორიის გარეშე 90 წუთის განმავლობაში ეკამათებოდნენ. იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები და ურთიერთბრალდებები.

ბაიდენი ტრამპს დებატებისას ხშირად ეძახდა მატყუარას და დამნაშავეს, 46-მ 45-ს ლუზერიც უწოდა, როდესაც თავისი გარდაცვლილი შვილი ბო ბაიდენი გაიხსენა, რომელიც არმიაში მსახურობდა და საბრძოლო მისიაში იმყოფებოდა - "ჩემი ვაჟი "ლუზერი" არ ყოფილა... შენ ხარ ლუზერი“ ეს სიტყვები ბაიდენმა ტრამპის მისამართით წარმოთქვა.

პოლიტიკურ ოპონენტს არც დონალდ ტრამპმა დააკლო -ამერიკა ბაიდენის გამო ჯოჯოხეთში ცხოვრობს, განაცხადა ექს-პრეზიდენტმა. ყოფილისა და მოქმედის დებატებმა ამერიკაში ამომრჩევლისა და ადგილობრივი მედიის სკეპტიციზმი კიდევ უფრო გააღრმავა.

ბაიდენის უდიდეს სისუსტედ, გამოცემები და ამომრჩეველი ასაკს ასახელებს, ტრამპის შემთხვევაში კი არაკომპეტენტურობას. ვერდიქტს შტატების მოქალაქეები კანდიდატებს 5 ნოემბერს გამოუტანენ.

რინგი არ იყო, თუმცა ბევრიც არ აკლდა - ორთაბრძოლები პოლიტიკისთვის უკვე კარგად ნაცნობი მეტაფორაა. CNN-მა ამერიკის პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ორი მთავარი ოპონენტი ერთ სტუდიაში შეკრიბა და ლაკმუსის ტესტი ჩაუტარა.

90 წუთიანი დებატები, 4 წლის წინანდელს იმით ჰგავდა, რომ მასში კვლავ ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი მონაწილეობდა. განსხვავება კი ის იყო, რომ წელს აქ უკვე ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტი ოპონირებდა, რაც აშშ-ის ისტორიას არ ახსოვს.

ადრეული დებატები დემოკრატებმა მოითხოვეს, მიზნად კი ის ჰქონდათ, რომ ტრამპის მიუღებლობაზე საზოგადოებას რაც შეიძლება დიდი ხანი ელაპარაკა. თუმცა, დებატების შემდეგ ამერიკა სხვა რამეზე ალაპარაკდა. იმაზე, რომ მოქმედ პრეზიდენტს ენერგია, მედეგობა და პრეზენტაბელურობა აკლდა; რომ ბაიდენმა მის ასაკზე არსებული პრეტენზიები არათუ გააქარწყლა, პირიქით დაადასტურა. ბევრმა მას დაბალი ხმა დაუწუნა, ნაწილმა თქვა, რომ წინადადებებს არ ასრულებდა და რომ მომენტებში უცნაურად შეშდებოდა. არც ტრამპია ახალგაზრდა, ამიტომ 81 წლის პრეზიდენტთან ერთად ასაკზე 78 წლის ტრამპსაც ჰკითხეს.

სუსტი მხარეები ჰქონდა დონალდ ტრამპსაც - მას არგუმენტების გასამყარებლად ფაქტები ვერ მოჰყავდა და ბევრის მოსაზრებით, საგარეო პოლიტიკაზე ზედაპირულ ცოდნას ამჟღავნებდა. კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მის პასუხისმგებლობაზე საუბარს თავს არიდებდა და მომხდარიდან დისტანცირებას ცდილობდა.

მსჯელობისას აქცენტი ნაკლები იყო იმაზე, თუ რას გააკეთებს ერთი, ან მეორე პრეზიდენტი ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ფოკუსი წარსულზე და აწმყოზე გაკეთდა. მართალია ტრამპს დემოკრატებისგან განსხვავებული მიდგომები აქვს, თუმცა ის თქვა, რომ უკრაინაზე პუტინის მიერ წამოყენებული პირობები მიუღებელია.

აშშ-ის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საშინაო საკითხი სოც-უსაფრთხოება, ინფლაცია და აბორტის უფლებაა. საკუთარ ეკონომიკურ და საიმიგრაციო პოლიტიკის დაცვა ორივე კანდიდატს მოუხდა.

საბოლოო შთაბეჭდილებით, დებატები ჯო ბაიდენმა წააგო, რადგან საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით 76%-მა ჩათვალა, რომ ტრამპს უკეთესი გამოსვლა ჰქონდა. CNN-ის გამოკითხვების თანახმად, 57% მაყურებელს ქვეყნის მართვის შესაძლებლობებში ბაიდენის რწმენა არ აქვს, თუმცა 44% იმავეს ფიქრობს სწორედ ტრამპზე. "რესპუბლიკელები" ზეიმობენ, "დემოკრატები" კი აღიარებენ, რომ აღფრთოვანებულები არ არიან. თუმცა, შინაარსობრივ ნაწილში ბაიდენთან პრობლემა არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დემოკრატების ერთი ნაწილი უკვე აქტიურად განიხილავს იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი პრეზიდენტობის სხვა კანდიდატი.

დღის ამბები