01 ივლისი 2024,   03:10
ვრცლად
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარმოსადგენად გამოცხადებული კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭომ პირველი სხდომა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დღეს, 28 ივნისს, საპროკურორო საბჭომ პირველი სხდომა გამართა.

საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-2 მუხლის შესაბამისად  2024 წლის 28 ივნისის სხდომაზე  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა  ერთიანი სია დაადგინა.

საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ 5 პირს  სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა 2024 წლის 3 ივლისის ჩათვლით განუსაზღვრა.  ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან/და შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს.

საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  ყველა პირთან საპროკურორო საბჭო ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. მოხდება გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერა და მისი განთავსება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.  გარდა ამისა, გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

გასაუბრების დასრულების შემდგომ,  საპროკურორო საბჭო,  ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს   ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის,  გამოცდილების, ზნეობისა და მორალური  ღირებულებების  გათვალისწინებით,  შეარჩევს  გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას  2024 წლის 4 ივლისის 11:00 საათიდან დაიწყებს.

დღის ამბები