20 აგვისტო 2026,   12:50
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროში "დაცვის პოლიციის დღე" აღინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე „დაცვის პოლიციის დღე“ აღინიშნა. ღონისძიებას უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბაგრატიონმა, დაცვის პოლიციაში გასული წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამა, ასევე, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური მიმართულებით შესრულებული სამუშაოები მიმოიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა  და აღნიშნა, რომ დაცვის პოლიციის გამართული მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალკვალიფიციურ კადრებს.  უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ  ოპერატიული მუშაობის ეფექტურობის გაზრდისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებისთვის, ავტოპარკის განახლება  ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. გიორგი ბაგრატიონის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, დაცვის პოლიციის ავტოპარკს 130 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეემატება.

ღონისძიებაზე  143-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო  და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. გიორგი ბაგრატიონმა სამსახურებრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 32 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 

ღონისძიების დასასრულს, შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც დეპარტამენტის თანამშრომლებში შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ემსახურება.

დღის ამბები