16 სექტემბერი 2024,   22:56
ვრცლად
უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტ ლურჯი მოცვი გავა

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტ ლურჯი მოცვი გავა. პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია.

პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომლობის მიერ.

ლურჯი მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია Wonderland Farms შორის გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრი კომპანიები განახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას სხვადასხვა ქსელებისათვის ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში ბაზრებზე.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამა მიზნად ისახავს პოტენციური შემსყიდველების იდენტიფიცირებას და ქართველ მწარმოებლებთან დაკავშირებას. 2022 – 23 წლებში სააგენტო თანამშრომლობდა ადგილობრივ აგროსექტორთან, 2024 წლიდან კი მისი სამიზნე სექტორებია: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია.

პროგრამაში მონაწილე კომპანიები პროგრამის ფარგლებში შეძლებენ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერით (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა და კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, საერთაშორისი შემსყიდველების იდენტიფიცირება), რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გაყიდვებს და სწორ პოზიციონირებას. მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ვორკშოპები, თუ როგორ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე, როგორ დაუკავშირდნენ შემსყიდველებს და გაზარდონ გაყიდვები.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2015-2024 წლებში 2864 ჰა-ზე ლურჯი მოცვი გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსებამ 50,4 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წლის 1 მაისიდან 7 ივლისის ჩათვლით განხორციელდა 4.3 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 25.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.7 ათასი ტონით (68%-ით), ხოლო ღირებულება - 9.9 მლნ აშშ დოლარით (63%-ით) გაიზარდა.

დღის ამბები