25 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
"ქართული ოცნების" კვლევით, 500-მდე ორგანიზაციიდან მხოლოდ რვაა სრულად გამჭვირვალე - აქვს თუ არა არასამთავრობო სექტორს გამჭირვალობის პრობლემა

სახელისუფლებო გუნდი გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების აუცილებლობაზე არასამთავრობო სექტორს მიუთითებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ენჯეოების დაფინანსებისა და მიღებული თანხების ხარჯვის გასაჯაროების მნიშვნელობა მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამაც კიდევ ერთხელ უჩვენა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ 474 ორგანიზაციიდან 296 დონორს არ ასახელებს, 80 პროცენტი გრანტის ვადას არ უთითებს და დაუსაბუთებელია დაფინანსებული პროექტების მიზნობრიობაც, 51 პროცენტს კი ვებსაიტიც კი არ აქვს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ამ პრობლემების იმ მიზეზით გამართლება, რომ ხარვეზები მხოლოდ პატარა ორგანიზაციებში შეიძლება იყოს, მიუღებელია.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი გივი მიქანაძის მიმართვის ადრესატი მისივე გაკეთებული განცხადების გამო გახდა. თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტებს ყველა დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აკმაყოფილებს, ხოლო ისინი, რომლებსაც, შესაძლოა, ამ მხრივ პრობლემა ჰქონდეთ, რეგიონებში არსებული მცირე ზომის სათემო ორგანიზაციები არიან. მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორი მოჰყავს, მაგალითად ის, რომ პატარა არასამთავრობოებს, ხშირად, იმის ფინანსებიც არ აქვთ, რომ ვებგვერდი ჰქონდეთ.

NGO-სექტორში არსებული პრობლემების აღიარებაა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის იმის თქმა, რომ გამჭვირვალობის პრობლემა შესაძლოა არა დიდ, თუმცა მცირე ზომის არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ.

მმართველი ძალის არგუმენტებს ოპოზიციაში არ იზიარებენ და ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორის დადანაშაულება გაუმჭვირვალედ მუშაობაში მხოლოდ მანიპულაციაა.

გაუმჭვირვალედ მუშაობის მიღმა მმართველი გუნდი კონკრეტულ ინტერესს ხედავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, ასეთ შემთხვევაში, ყველაზე დიდი რისკია, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორების მიერ მიღებული თანხებით, საარჩევნო პროცესში ჩაერიონ.

მმართველ ძალაში განმარტავენ, რომ 474 არასამთავრობო ორგანიზაციის შესწავლის შედეგები აჩვენებს, თუ რატომ იყო აუცილებელი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება. "ქართულ ოცნებაში" მზად არიან მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, დაინტერესების შემთხვევაში, ყველა იმ პარტნიორს გადასცენ, რომელიც საქართველოში კანონის მიღებას აკრიტიკებდა.

დღის ამბები