25 ოქტომბერი 2024,   18:12
ვრცლად
"ჩვენს ანგარიშში მოცემულია "ოცნების" სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტიც, მათი კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტიც და მოსყიდვის ქეისები მოცემულია ოპოზიციის შემთხვევაშიც" - ნინო დოლიძე

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან დარღვევებს არასამთავრობო ორგანიზაციები არ აღწერენ. "ქართული ოცნების" კრიტიკის პასუხად უკვე გააკეთეს კომენტარები მესამე სექტორში.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, მათ ანგარიშში ასახულია ოპოზიციის დარღვევებიც.

"ჩვენს ანგარიშში მოცემულია "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტიც. ასევე, მოცემულია კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტიც და, ასევე, როდესაც მოსყიდვის ქეისები გვაქვს, აქ მოცემულია ოპოზიციის შემთხვევაშიც. ყველა პარტიას, მეტ-ნაკლებად, შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია. კამპანიის განმავლობაში, მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამო. კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, მუქარის, დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრის და მისი დაზიანების მცდელობა," - აცხადებს ნინო დოლიძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ "უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი" იხარჯება იმისთვის, ხელისუფლებში მმართველი პარტია დარჩეს.

"ეს წინასაარჩევნო პერიოდი იყო ძალიან უსამართლო - ფაქტობრივად, ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ამ ყველაფერს ჰქონდა გავლენა წინასაარჩევნო პერიოდზე. ყველაფერი კეთდება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტიდან უზარმაზარი რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ ეს კონკრეტული მმართველი პარტია დარჩეს ხელისუფლებაში," - აცხადებს გიგაური.

დღის ამბები