16 ნოემბერი 2024,   20:08
ვრცლად
ევროკომისარმა როცა მოგვაწოდა გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, არ იყო საუბარი კონკრეტულ პოლიტიკოსზე, აქედან გამომდინარე, შეიძლებოდა, ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე

სუს-ის ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში, საფრთხეები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ასეთი აქტების პრევენციისთვის.

"სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არის უაღრესად შემაშფოთებელი. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. იცით, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე იყო ტერორიზმის მუხლითაც აღძრული. ისინი მიუთითებდნენ მხოლოდ სხვა მუხლზე და არ მოიხსენიებდნენ ტერორიზმის მუხლს. ეს ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. თქვენ ხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი. ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და გამოძიება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური.

ასევე, გახსოვთ სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით. ანუ მას ჰქონდა ეს აღიარება, რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით. ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები. გაფრთხილებაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს, როგორც ერთგვარი მესინჯერი იმისთვის, რომ ჩვენამდე მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი.

ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში, საფრთხეები არსებობს. გასაკვირი არც ის არის, რომ, გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი, იმ ადამიანების როლი, რომლებიც დღეს იმყოფებიან ფიზიკურად უკრაინაში. ეს ყველაფერი უკიდურესად შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასეთი აქტების პრევენცია და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ შესაძლო ტერაქტის ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი.

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერი. ის არის საპატიო თავმჯდომარე პოლიტიკური გაერთიანების. ამის მიღმაც, კარგად მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ევროკომისრის მხრიდან როცა მოგვაწოდეს კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლებოდა, ყოფილიყო ნებისმიერი. ეს არ იყო გაფრთხილება პირადად ჩემ მიმართ. ჩემ მიმართაც იყო წამოსული ეს გაფრთხილება, მაგრამ გაფრთხილება იყო ზოგადი შინაარსის, შესაბამისად, ის შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული ნებისმიერ პოლიტიკოსზე საქართველოს ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ, პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების გარანტი“, – განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.

დღის ამბები