2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის, პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9%-ით განისაზღვრა. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი - ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებელი, ძირითადად ამ დარგებმა განაპირობა.
"ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივნისში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7,5%-ით. შესაბამისად, 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობების სექტორი", - აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე.