16 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტის გამოეხმაურა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტის გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე ყველას მოუწოდებს, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ თავდასხმებს თავი დაანებონ, რადგან მდინარაძის შეფასებით, ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

"რაც არ უნდა ნეგატიური ემოცია გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებული იყოთ, თუკი მათ წინააღმდეგ ხელს გაიქნევთ, ეს აუცილებლად მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ. საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, არაფერი ხდებოდა, დაბოდიალობდნენ წინ და უკან, ყველა მათგანი, სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობისა," ცდილობს 5-პროცენტიან ბარიერს რაღაცნაირად მიუახლოვდეს. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ. თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ. "ნაცებზე" მეტად ეს ყველაფერი არავის აწყობს.

თუ გუშინ და გუშინწინ პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი (მე შემიძლია ამაზე ლაპარაკი) არ იყო ვაჟკაცური საქციელი და ყველას მხრიდან არაკაცურად შეფასდა, ახლა მთლად ვაჟკაცური საქციელი ვერ გამოდგება.

დეტალურად არის გამოსაკვლევი, არის თუ არა ვინმესთან რამე კონტაქტი. რაღაც ინფორმაციები არსებობს, რაზეც ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკებ. რაღაც კონკრეტული ინფორმაციები მეც მაქვს, მაგრამ ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკოთ. ჯერ თავად "ნაცებმა თქვან," რამე კონტაქტი ხომ არ არსებობს, რამე ბმა ხომ არ არსებობს, რამე ხომ არ ხდება და შემთხვევით არის თუ არა ეს ყველაფერი," - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღის ამბები