"გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“, ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.
პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი ქვეყნებს ყოფს 4 კატეგორიად: ლიბერალური დემოკრატიები, ელექტორალური დემოკრატიები, ელექტორალური ავტოკრატიები და დახურული ავტოკრატიები.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროპის იმ 20 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც "ელექტორალური დემოკრატიაა“. ეს ქვეყნებია: საქართველო, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, რუმინეთი, სლოვაკეთი და ა.შ.
ამასთან, საქართველომ ლიბერალური დემოკრატიის დონით გაასწრო ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 6 სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს.
საქართველო, 2012 წლის შემდეგ, ლიბერალური დემოკრატიის შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში 11-ე ადგილზეა.
პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით, მძიმე შეფასება მიიღო უკრაინამ, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი ჩამოერთვა და მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი "ელექტორალურ ავტოკრატიად“ შეფასდა. საქართველოს ანალოგიური შეფასება ბოლო 20 წლის განმავლობაში 2008-2009 წლებში უფიქსირდება, ზედიზედ იმ ორი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა "ელექტორალური ავტოკრატიის“ სტატუსით არის შეფასებული.
"დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს "თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.