ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავისი თავი. ასევე, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ის ამას, რადგან ზედმეტად ბევრი უდანაშაულო პალესტინელი მოკლულია – ბავშვები, დედები - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპთან გამართულ პირველ დებატებზე განაცხადა.
ჰარისმა განაცხადა, რომ თუ არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს, მისი გეგმა ომში დანებება იქნება. CNN-ის კვლევით, ამომრჩეველმა პირველი ტელედებატის გამარჯვებულად კამალა ჰარისი დაასახელა.
"რეალობა ისაა, რომ ამერიკა ყოველთვის უნდა იდგეს საერთაშორისო წესებისა და ნორმების სადარაჯოზე, როგორც ლიდერი, რომელიც ავლენს ძალას. ალიანსები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში, დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავუფრთხილდეთ ჩვენს მეგობრებს და არ მივცეთ უპირატესობა ჩვენს მტრებს, რადგან თქვენ ეთაყვანებით ძლიერებს, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეთ დემოკრატიაზე.
ჩვენ გვესმის ნატო-ს მნიშვნელობა და რაც გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ზელენსკისა და უკრაინელების უნარი, თავიანთი დამოუკიდებლობისთვის ებრძოლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი კიევში იჯდებოდა და თვალი დანარჩენი ევროპისკენ ეჭირებოდა, პოლონეთიდან დაწყებული.
ვფიქრობ, რატომ ამბობს დონალდ ტრამპი, რომ ეს ომი დასრულდება 24 საათში, რადგან ის უბრალოდ დანებდება. მე ჩავედი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთსა და რუმინეთში და ჩემი და სხვების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად, ჩვენ გავაერთიანეთ 50 ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მას სამართლიანად დაეცვა თავი.
რაც შეეხება ისრაელს, მას აქვს უფლება, დაიცვას თავისი თავი. ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ის ამას, რადგან ზედმეტად ბევრი უდანაშაულო პალესტინელი მოკლულია – ბავშვები, დედები. რაც ვიცით, არის ის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ის უნდა დასრულდეს დაუყოვნებლივ. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გამოყვანა. ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას 24-საათიან რეჟიმში," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან კამალა ჰარისი.