გვეხმარება თუ არა წყლის მიღება წონის დაკლებაში და როგორ უნდა დავლიოთ წყალი სწორად დღის განმავლობაში - ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის განმარტებით, ადამიანმა სუფთა წყალი მაშინ უნდა მიიღოს, როცა ამას თავად ორგანიზმი სთხოვს. მისივე თქმით, წყლის მიღება ზედმეტი კილოგრამების მოშორებას არ გულისხმობს.
ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ წყალი წამალი არ არის და მისი დღიური ნორმა საშუალოდ 2 ლიტრს შეადგენს, თუმცა მისი მიღება ნელ-ნელა და არა ერთბაშად უნდა მოხდეს.
"წყალს წონასთან ზოგადად, არანაირი კავშირი აბსოლუტურად არ აქვს. მაშინ ძალიან ადვილად მოხდებოდა, ყველა დალევდა წყალს და გახდებოდა. საერთოდ, წყალი უბრალოდ აუცილებელია და საქართველოში არის ის პრობლემა, რომ ადამიანებს არ უყვართ წყლის მიღება. არ აქვს მნიშვნელობა, ენდოკრინოლოგთან მიდიან, კარდიოლოგთან და გასტროენტეროლოგთან, ყველა ამბობს, რომ დღის განმავლობაში 2 ლიტრი სუფთა წყალი უნდა მიიღონ. ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სითხე ცვლის წყალს. ჯობია, რომ არ დალიონ გაზიანი სასმელი და ტკბილი, მიიღონ კონკრეტულად წყალი.
როგორც გლუკოზა ან ცილა სჭირდება უჯრედს, რომ იმუშაოს, ზუსტად ასე სჭირდება წყალი იმ უჯრედს, რომ იმუშაოს. წყალი მეტაბოლურ პროცესებთან არის დაკავშირებული როგორც გლუკოზა, როგორც ცხიმი, როგორც ცილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აჩქარებს ან ანელებს," - განმარტავს ელენე გიორგაძე.
აქვეითებს თუ არა მადას კვებამდე ნახევარი საათით ადრე წყლის მიღება?
"კვებამდე ნახევარი საათით ადრე ერთი ჭიქა წყლის მიღება ვისაც მოსწონთ და აქვთ ჩვევაში, ეხმარება კუჭ-ნაწლავის მოქმედებაში. კუჭის მოქმედება უფრო ნორმალურია იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი იღებს საკმარისი რაოდენობით წყალს. უზმოდ, ერთი ჭიქის მიღება ამას ემსახურება და მადაზე არანაირად არ მოქმედებს," - ამბობს ენდოკრინოლოგი.
როდის უნდა მივიღოთ წყალი?
"ჭამის დროს სჭირდება თუ არა წყალი ორგანიზმს, ყველაზე კარგად არეგულირებს თვითონ ორგანიზმი. რამდენიც უნდა ორგანიზმს, ზუსტად იმდენი უნდა დალიოს. ადამიანმა უნდა დალიოს იმდენი წყალი, სანამ თვითონ ორგანიზმი ითხოვს. საკვების დროს თუ ორგანიზმს უნდა, უნდა მიიღოს ადამიანმა სუფთა წყალი. გამწმენდ და დამცველ როლს ასრულებს მარტო სუფთა წყალი," - განაცხადა ელენე გიორგაძემ "რუსთავი2-ის" გადაცემა - "დილა მშვიდობისა საქართველოში".