ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას საქართველოს პრემიერ მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას:
"ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. თქვენ გახსოვთ რომ იყო სერიოზული სირთულეები ამ ურთიერთობებში 4 წლის მანძილზე, ძირითადად წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა ესაჭიროება. თუმცა ასეთი სანქციები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უფრო, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანების, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და უფრო მეტიც, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ - თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულებები ისეთი სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ეწოდება არამარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.