13 ოქტომბერი 2024,   03:12
ვრცლად
ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება მეტყველებს ორ რამეზე, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები და თავიდან ბოლომდე გარე დავალებით მოქმედებენ - პრემიერ-მინისტრი

ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება მეტყველებს ორ რამეზე, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები და თავიდან ბოლომდე გარე დავალებით მოქმედებენ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, რომ ოპოზიციაში ათეულობით შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და შემდგომ გაერთიანებულან.

"როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე - ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ კონსტიტუციის დარღვევა არ გვიკვირს. მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებული აქვს ოფიციალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

რაც შეეხება ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორ რამეს - ერთი, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები, წარმოიდგინეთ, ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, პირდაპირ მოიხსენიებდნენ ერთმანეთს ძალიან მძიმე ეპითეტებით, აღარ მინდა ის სიტყვები გავიხსენო და დღეს აპირებენ გაერთიანებას. ასეთ უპრინციპო ადამიანებსა და მათ ერთობას ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა.

თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ რომელიმე პოლიტიკოსი, ადამიანი ასე შევაფასეთ და შემდეგ მოვიწვიეთ ჩვენთან გუნდში. ოპოზიციაში ათეულობით შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ეს მეტყველებს უპრინციპობაზე და იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ თავიდან ბოლომდე გარე დავალებით. წარმოიდგინეთ როგორი შეურაცხმყოფელია მათთვის ერთად დგომა ახლა, ასეთი შეურაცხყოფების შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, რასაც დაავალებენ იმას აკეთებენ. როდესაც ხდები აგენტი, შენ პირველ რიგში უარს ამბობ ღირსებაზე," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები