ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ხუთი პირიდან სამი დაკავებულია, ორი კი მიმალვაში იმყოფება. მიმალვაში არიან ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა, რომლებიც, პროკურატურის ინფორმაციით, ქოლცენტრის არაოფიციალური მეწილეები და მმართველები იყვნენ.
ერთ-ერთი დაკავებულის, მერაბ არუბელიძის ადვოკატი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდება მხოლოდ შეფასებებს ეფუძნება და საქმეში ფაქტობრივი მტკიცებულებები არ დევს.
"მერაბ არუბელიძის მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია. იგი, ფაქტობრივად, გაცდენილია სამართლებრივ ფორმატს. ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან მხოლოდ მათი შეფასებები. ფაქტობრივად, მტკიცებულებების გარეშე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მერაბ არუბელიძე არის ორგანიზებული ჯგუფის წევრი," - აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
იმავეს ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის, სოსო გადელიას ადვოკატი ზურაბ თოდუაც.
"პროკურორის შუამდგომლობა იყო სრულიად დაუსაბუთებელი, კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან. ერთი მტკიცებულება კი, რომლითაც დასტურდება სოსო გადელიას დანაშაულებრივი ქმედება, საქმეში არ დევს. გავასაჩივრებ და სხვა კანონით ნებადართულ ზომებსაც გამოვიყენებ ამ უდანაშაულო ადამიანის ინტერესების დასაცავად," - აცხადებს ადვოკატი.
პროკურატურის მტკიცებით, "მორგან ლიმიტედის" სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს დავით კეზერაშვილთან, მის დასთან და დისშვილთან მილიონ დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული. ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა ორი კვირის წინ პასუხისგებაში მისცეს ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი.
"ბრალდებულები ჩართული იყვნენ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში, მათ შორის, უშუალოდ ორი პირი ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა თაღლითურ ქოლცენტრს, რომელიც ფუნქციონირებდა თბილისში. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ფაქტი იმის თაობაზე, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს წარმოადგენდა 3 ბრალდებული. მოცემულ შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ბრალდებულების მიმართ არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ისე - მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის," - აცხადებს პროკურორი ზინიკო ქობალია.