21 სექტემბერი 2024,   14:58
ვრცლად
გივი თარგამაძემ ხელისუფლება მანიპულაციებში დაადანაშაულა... რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ პათოსს - ნიკა ობოლაძე დარჩო ხეჩუაშვილის საქმესთან დაკავშირებით

~რა მიზნით შემოდიოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში - ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები გაკეთდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე ამბობს, თავად ამ რომ ინციდენტის შედეგად დაზარალებული გივი თარგამაძე, ხელისუფლებას მანიპულაციებში ადანაშაულებს, რომლის პათოსსაც პარტიაც იზიარებს.

"თავად, ამ თემასთან დაკავშირებით ყველაზე მეტადაა ინფორმირებული, ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, თავად არის დაზარალებული გივი თარგამაძე, რომელმაც გააკეთა ახსნა-განმარტება და დაადანაშაულა ხელისუფლება მანიპულაციებში. რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ პათოსს და თუ ხელისუფლება ცდილობს რაიმე თემით მანიპულაციას, რაღაცა ოპერაციების დაგეგმვას, ამასთან დაკავშირებით სიმართლე გაირკვევა 26 ოქტომბრის შემდეგ," - აცხადებს ნიკა ობოლაძე.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზანთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გასცეს.

"ნამდვილად მძიმეა იმის ნახვა, რომ ტერორისტული აქტის მომწყობი პირი ამდენი ხნის მანძილზე არ იყო დაკავებული. ის, რომ ის დააკავეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ინტერპრეტაციებისა და მანიპულაციების მცდელობა, თუ რისთვის ჩამოვიდა ის, არის პოლიტიკური მანიპულაციები "ქართული ოცნების" მხრიდან, მაშინ, როდესაც შსს-ს მხრიდან არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ის დაკავებულია.
მე ვარ პოლიტიკოსი და არა მარჩიელი, რომელსაც შეუძლია იმარჩიელოს, თუ რისთვის შემოვიდა ის. ეს უნდა გაარკვიოს შსს-მ," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული ხეჩუაშვილი 8 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. პოლიციამ დამნაშავე თურქეთიდან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისას დააკავა. დარჩო ხეჩუაშვილმა ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის ლიკვიდაცია საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2016 წლის 4 სექტემბერს, პოლიტიკოსის მანქანის აფეთქებით სცადა.

დღის ამბები