წითელი ცირკულარით ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოპარვის მცდელობა უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. სახელისუფლებო პარტია გარკვეულ რისკებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა გივი თარგამაძის ლიკვიდაციის მცდელობისთვის მსჯავრდადებული ხეჩუაშვილის, საქართველოში წინასაარჩევნოდ შემოსვლას მოჰყოლოდა.
"ძალიან საყურადღებო ფაქტია, რასაც ყურადღებით ვაკვირდებით. მინდა, საზოგადოებას შევახსენო პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ბრიფინგი, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ არსებობს უდიდესი შანსი, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის შემოტანის მათ ფლანგზევე. მათ აქვთ ერთი ბინძური და დესტრუქციული მიზანი, რომ ეს მწამებლები მობრუნდნენ ხელისუფლებაში, რისი შანსიც არ აქვთ და ნებისმიერი საშუალებით შეეცდებიან, რომ ეს მიზანი გაამართლონ.
სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ დავინახეთ ადამიანი, რომელსაც, თუ არ ვცდები, 20 წლამდე ჰქონდა მისჯილი და წარმოიდგინეთ, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე 1 თვით ადრე, ცდილობს საქართველოს საზღვარზე შემოპარვას. დამერწმუნეთ, რთველზე არ იქნებოდა ჩამოსული. ყველანაირად საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ჩამოსული იყოს სწორედ დესტრუქციისთვის და რაღაც საშინელების დასატრიალებლად," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია.
"ქართული ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი კი აცხადებს, რომ ქართული მართლმსაჯულება დარჩო ხეჩუაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით ყველა დეტალს გაარკვევს.
"ძალიან კარგია, რომ ეს ასე მოხდა - ნებისმიერი სისხლის სამართლის დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული და წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მართლმსაჯულების წინაშე ყველა დეტალი გაირკვევა, მე ამის მჯერა," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული დარჩო ხეჩუაშვილი 8 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. პოლიციამ დამნაშავე თურქეთიდან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისას დააკავა. დარჩო ხეჩუაშვილმა ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის ლიკვიდაცია საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2016 წლის 4 სექტემბერს, პოლიტიკოსის მანქანის აფეთქებით სცადა.