21 სექტემბერი 2024,   18:01
ვრცლად
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში", პარალიზებული მაღაროების გამო, მილიონობით ლარის ზარალზე საუბრობენ - რთული ვითარების მიუხედავად, კომპანიას თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა არ შეუჩერებია

ჭიათურაში, მანგანუმის მომპოვებელ საწარმოებში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივების მცირე ჯგუფმა მაღაროები გადაკეტეს და 6 თვეზე მეტია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" მუშაობის უფლებას არ აძლევენ, საწარმომ მილიონობით ზარალი განიცადა.

პარალიზებული მაღაროების პირობებში, კომპანია, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და რეგიონისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, კომპანიას თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა არ შეუჩერებია.

დღეს, ჭიათურაში წარმოებაზე პასუხისმგებელია "ჭიათურა მენეჯმენტ კონპანი", რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან საწარმოებს მართავს. კომპანიაში ამბობენ, რომ მანგანუმის ბაზარზე შექმნილი გლობალური კრიზისისა და რადიკალური აქციის ფონზე, "ჭიათურა მენეჯმენტი" ვერ ახერხებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, რაც რეალურ საფუძველს აჩენს, რომ კომპანიამ ვეღარ მოახერხოს თანამშრომლების შენარჩუნება და მათთვის ხელფასების გადახდა.

"როცა CMC-მ "ჯორჯიან მანგანეზისგან" ჭიათურის საწარმოების მართვა გადაიბარა, ჩვენ უკვე დაგვხვდა მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმი. ეს პირობები ჩვენთვის მისაღები იყო და, შესაბამისად, მუშაობის გაგრძელებასაც აზრი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა გააჩერეს კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები და დაარღვიეს მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, მომპოვებელი საწარმოების მდგომარეობა გაუარესდა. გაურკვეველია, რატომ სტყუიან აქციის ორგანიზატორები, რომ მათ კომპენსაციები არ აუღიათ. ყოველთვიურად, კომპანიის ხარჯი, საშუალოდ, 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც სახელფასო ფონდი 9 მილიონი ლარია, შემოსავალი კი სულ რაღაც 4.5 მილიონ ლარს შეადგენს. ამ პირობებში, არ ვიცით, როდემდე შევძლებთ ხელფასების გადახდას," - აცხადებს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" დირექტორი მაქსიმ მაზურენკო.

დღის ამბები