21 სექტემბერი 2024,   14:56
ვრცლად
"ეს არის ფეიკი, რომლითაც უნდათ ხალხს მესამე ძალის დაბადება შეასაღონ" - ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების მცდელობაზე

მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების მცდელობას, მმართველ გუნდში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ეს პროცესი გარედან მართულია. მმართველი ძალის შეფასებით, "ლელოსა" და გახარიას პარტიას დამოუკიდებლად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რისკი აქვთ, გაერთიანებას კი სწორედ ამ მიზეზით ცდილობენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ეს არის ფეიკი, რომლითაც უნდათ ხალხს მესამე ძალის დაბადება შეასაღონ":

"გახარია ამბობს, რომ გამორიცხული უნდა იყოს კოალიცია "ნაციონალურ მოძრაობასთანო". არადა, ამას ამბობს იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც დღეს ფაქტობრივად, იურიდიულად გაფორმებული კოალიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" საკრებულოებში. მეორე მხარეს ეუბნება ამას, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ალიანსი აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან". მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, მელიას უჭერდა მხარს ლელო და ხაზარაძე უნდა ყოფილიყო ოფიციალურად მისი მოადგილე. ეს ფარსი იდგმება იმისთვის, რომ მოსახლეობას დაანახონ - თითქოს ეს რაღაც ახალია. მაგრამ მოცემულობა და ფაქტი ხომ ერთია. ამიტომ, ახლა ხდება ერთგვარად ამ დრამატული სიუჟეტის გათამაშება, რადგან სცენარის ბოლოს ხალხმა თქვას, რომ თითქოს რაღაც ახალი დაიბადა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ფეიკი, რომლითაც უნდათ ხალხს მესამე ძალის დაბადება შეასაღონ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები