23 სექტემბერი 2024,   18:33
ვრცლად
იყო თუ არა მოწამლული ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი - "ოცნება" სიმულაციაზე საუბრობს, ნონა მამულაშვილი კი ბრალდებებს უარყოფს

იყო თუ არა მოწამლული ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი - მამუკა მამულაშვილი მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს. ამბობს, რომ უკრაინულმა გამოცემამ იცრუა, როდესაც დაწერა, რომ მან საკუთარი მოწამვლის ამბავი მოიგონა, რათა შემოწირულებები მიეღო. ლეგიონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოწამვლის ფაქტს ადასტურებს უკრაინაში დაწყებული გამოძიება და ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რომელიც ამ საქმის მასალებში დევს.

სტატია "უკრაინა თუდეიმ" ორი დღის წინ გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ მამუკა მამულაშვილის სისხლის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო და მან მოწამვლის ფაქტი გამოიგონა. სტატიის თანახმად, კონკრეტული პირები ფინანსური დონაციის მოზიდვის მიზნით, თაღლითურ სქემებს მიმართავდნენ და რეალურად დონაციით შემოსული თანხების ნაწილი უკრაინის ნაცვლად, მათ ანგარიშებზე მიდიოდა.

სტატიაში ნახსენებია მამუკა მამულაშვილის და - ნონა მამულაშვილი, რომელმაც რიჩარდ შარპთან ერთად ამერიკაში ორგანიზაცია დააარსა, სახელად "ქართული ჰუმანიტარული ლეგიონი". აღნიშნულია რომ, თავის მხრივ, შარპი 2015 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

"კურიერი" ნონა მამულაშვილს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას, მან აბსოლუტურად ყველა ბრალდება უარყო და გავრცელებულ ცნობებს "აბსოლუტური ტყუილი" უწოდა. ის ასევე უარყოფს აშშ-ში კომპანია "ქართული ჰუმანიტარული ლეგიონი" დაარსებასაც.

საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი.

"ბატონი მამულაშვილი არის ძალიან მჭიდროდ ასოცირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან", შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ მან გააგრძელა ის კურსი, რომელიც აღებული ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, 2 წლის განმავლობაში რომ გრძელდებოდა ბატონი სააკაშვილის მხრიდან სიმულაცია, რომ თითქოს ის მოწამლული იყო, კვდებოდა და ა.შ. ბატონმა მამულაშვილმაც გააგრძელა ის კურსი, რაც მისმა ბელადმა აიღო და შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ის ამხილეს, ამხილეს უკრაინაში, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი.

მან [ნონა მამულაშვილმა] რა ფონდიც შექმნა, ამ ფონდში მისი პარტნიორი არის პიროვნება, რომელმაც 2015 წელს პირდაპირ თაღლითობაზე არის ნასამართლევი. თუ სწორად მახსოვს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ირჩევდნენ, ისიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო და იმიტომაც ვამბობ, რომ ისიც მიჰყვება თავის ბელადის გზას," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები