რა ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დაგეგმილი აშშ-ში, იმ ფონზე, როდესაც მის ვიზიტს ემთხვევა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 25 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა, სადაც ორპარტიულ კანონპროექტს, "ქართველი ხალხის აქტს" განიხილავენ - ამ კითხვას "დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერმა, ლევან მახაშვილმა უპასუხა.
მისი თქმით, პრემიერს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს და გამოიყენებს ყველა ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული.
"საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მაგრამ ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყენებდა, დღესაც იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს ყველა ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული. დანარჩენს ცოტა მოგვიანებით ვიხილავთ.
პარალელურად, სენატში იმართება განხილვა. ესეც ძალიან კარგად მიუთითებს, ის დროც, რომელიც არის შერჩეული თითოეული ასეთი გადაწყვეტილებისთვის, თითოეული ასეთი აქტივობისთვის, ასეთი რეზოლუციისთვის, ასეთი კრიტიკული გადაწყვეტილებისთვის, რომ ერთი მხრივ, რაღაცნაირად გადაფარონ ის პოზიტიური დღის წესრიგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს მოსახლეობას და მეორე მხრივ, გამოიწვიონ საზოგადოებრივი მღელვარება, ამგვარად მოახდინონ გავლენა საარჩევნო გადაწყვეტილებებზე," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში 22 სექტემბერს გაემგზავრა. ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა.