16 ნოემბერი 2024,   21:57
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა "ლელო" - თეონა აქუბარდია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლასთან დაკავშირებით, ორივე ოპოზიციურ გაერთიანებაში შეფასებები კეთდება. "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.

"სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა "ლელო" იმისთვის, რომ ევროპული მომავლის დაცვასთან, ერთად გავარღვიოთ ორპოლუსიანობა, რომლითაც "ქართული ოცნება" 12 წელია ძალაუფლებას ინარჩუნებს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური შედეგი ამ საუბრების და პრეზიდენტის ინიციატივა ჩვენ მივყევი სწორედ ამ მიზნით, სამწუხარო მოცემულობა იყო, მათ შორის დროის სიმცირე, რის გამოც ეს შეთანხმება არ შედგა," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრების შეფასებას, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რასაც საჭიროდ ჩათვლიან.

"ჩვენ გადავდგით და მომავალშიც გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელსაც საჭიროდ დავინახავთ. ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საქართველოს მოქალაქეებთან," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, "კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს დღეს გიორგი გახარია შეხვდა. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა პრეზიდენტის ინიციირებულ ქარტიას ხელი მოაწერა. ასევე, სალომე ზურაბიშვილი იყო გახარია-ხაზარაძის გუნდების გაერთიანების ინიციატორი, რაზე მოლაპარაკებაც გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ერთმანეთს ახალი პირობები წაუყენეს. ჯერჯერობით უცნობია, ეხება თუ არა დღეს ორბელიანების სასახლეში დანიშნული პრეზიდენტის ბრიფინგი გახარია-ხაზარაძის გაერთიანების საკითხს. ბრიფინგი 17:00 საათზე იყო დაანონსებული, თუმც 20:00 საათისთვის გადაიწია.

დღის ამბები