16 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ბოლო პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი არის პრაქტიკულად წაშლილი - ლევან მახაშვილი

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ეს გარკვეული ნაწილი ეწევა ქვეყნისთვის მავნე საქმიანობას და სამწუხაროდ ეს ახალი არ არის - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში" "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერი ლევან მახაშვილი აცხადებს.

ლევან მახაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი წაშლილია.

"ჩვენთვის "ქართული ოცნების" გუნდისთვის მნიშვნელოვანია ყველა ობიექტური, პროფესიონალური ანგარიში, თუმცა სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვნახეთ მაკკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი წარმომადგენლის ანგარიშში, ეს ძალიან შორს არის როგორც ობიექტურობისგან, ასევე პროფესიონალიზმისგან. სავსეა ეს ანგარიშები, თვით სურვილებით, მანიპულაციური ინფორმაციით და ა.შ. რაც ვნახეთ და რა ჩანაწერებიც გაკეთდა, სრულიად მიუღებელია ჩვენთვის.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩანაწერი, ერთი პასაჟი, სადაც ავტორი ამბობს, რომ ქართული არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი მათ არწმუნებდა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ევროკავშირისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის შეეზღუდა უვიზო მიმოსვლა, რაც აღმაშფოთებელია ყველასთვის.

ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, ერთი მხრივ - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ეს გარკვეული ნაწილი ეწევა ქვეყნისთვის მავნე საქმიანობას და სამწუხაროდ ეს ახალი არ არის.

თავის დროზე, 2016-2017 წლებში ჩვენ ვნახეთ უვიზო მიმოსვლის ბატალიები; ვიხილეთ გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ბატალიები; ისიც ვნახეთ თუ როგორ დადიოდნენ კარ და კარ ევროკავშირის დედაქალაქებში და სთხოვდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ ეს სარგებელი. ამიტომ, სამწუხაროდ, ეს არც ახალია და სამწუხაროა, როდესაც ასე იქცევა არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი. მაგრამ ამავე დროს, საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ძალიან მნიშვნელოვანია ნახონ და გაიაზრონ, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან მოწყვეტილი პოლიტიკური დღის წესრიგისგან.

უფრო მეტიც, რასაც ვხედავთ და ვაკვირდებით ბოლო პერიოდში არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაწილსა და პოლიტიკური პარტიებს შორის ზღვარი არის პრაქტიკულად წაშლილი. ერთიც და მეორეც ემსახურებიან ერთი და იგივე პოლიტიკურ დღის წესრიგს და ფაქტობრივად ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ერთგვარ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

დღის ამბები