28 სექტემბერი 2024,   14:19
ვრცლად
საქართველოს კანონმდებლობა არანაირად არ ზღუდავს, რომ ადამიანი იყოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე პოლიტიკური პარტიის წევრიც - გია ბარამიძე

"ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კვლევა პოლიტიკური ბრალდებების საგნად იქცა. სახელისუფლებო გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 53 პროცენტი მიკერძოებულია ოპოზიციის სასარგებლოდ. საპასუხოდ ოპონენტები "ქართულ ოცნებას" სამოქალაქო საზოგადოების დევნაში ადანაშაულებენ.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს, ადამიანი იყოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე პოლიტიკური პარტიის წევრიც.

"საქართველოს კანონმდებლობა არანაირად არ ზღუდავს, რომ ადამიანი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრიც და იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრიც. პოლიტიკური პარტიის წევრობა არ ნიშნავს, რომ მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიღაცას ეკუთვნის ან ვიღაცის ინტერესებს გამოხატავს. ეს არის დარეგულირებული და არაფერი უკანონო არ არის. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა გადაწყვიტა იყოს რომელიმე პარტიის საარჩევნო სიაში, ეს არ ნიშნავს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ დაკარგა კანონით გათვალისწინებული უფლებები," - აცხადებს გია ბარამიძე.

შეფასება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.

"მე არ შევდივარ ინდივიდუალურად არც ერთი ორგანიზაციის შეფასებაში. თუ სადმე კანონი ირღვევა, ჯობია რომ იმოქმედონ, ნაბიჯები გადადგან და პასუხისმგებლობა დააკისრონ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვისი გადმოსახედიდან რა სანდოობის მატარებელია. საქმე მარტივად არის, ამომრჩევლებმა თუ დაინახეს, რომ ისინი მოატყუა ხელისუფლებამ, არანაირ შეფასებას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

 

 

დღის ამბები