28 სექტემბერი 2024,   14:20
ვრცლად
"ისრაელი არ დაელოდება ტერორს სახლის ზღურბლთან, მტერს პირველები მივწვდებით" - ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში

ისრაელის მასშტაბური თავდასხმა ლიბანზე - "ჰეზბოლას" ცენტრალური სამხედრო შტაბი განადგურებულია. მოკლულია "ჰეზბოლას" სარაკეტო დანაყოფის მეთაური მოჰამედ ალი ისმაილი და მისი მოადგილე ჰუსეინ აჰმად ისმაილი.

ისრაელის ოფიციალური ინფორმაციით, იერიშის მთავარი სამიზნე "ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა იყო.

"ამ მომენტისთვის მე ვერ მოგცემთ სრულ ინფორმაციას ლიბანზე თავდასხმის შესახებ. გეტყვით იმას, რომ ეს იყო ცუდი ადამიანების თავშეყრის ადგილი, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ მორიგ შეტევას გეგმავდნენ. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დავრწმუნდეთ რომ ეს აღარ განმეორდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ და დავიცვათ ჩვენი ხალხი. სწორედ იმისათვის განახორციელა ისრაელმა ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე თავდასხმა. რომელსაც საოპერაციოს ეძახდნენ - ახლა ის აღარ არსებობს. ისინი საცხოვრებელ სახლებს ბოროტი მიზნებით,მოსახლეობას კი ცოცხალ ფარად იყენებენ. ისრაელი განაგრძობს მტკიცე დარტყმებს - რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდება. ყველას მივაგნებთ, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა. ისრაელი არ დაელოდება ტერორს სახლის ზღურბლთან, მტერს პირველები მივწვდებით,"- აცხადებს ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დანი დანონი.

ლიბანის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სალიმ ბადოურა კი აცხადებს, რომ "რაც ღაზაში ხდება, გენოციდია":

"სამწუხაროდ, ბოლო ესკალაცია აბსოლუტური დაუსჯელობით გამოირჩევა. რაც ღაზაში ხდება, გენოციდია, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეაჩერა. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ის რაც ახლა ლიბანში ხდება. ადგილი აქვს ისრაელის აგრესიას ლიბანის წინააღმდეგ უპრეცედენტო მაგნიტუდით. ისრაელი იყენებს მის სუპერ ძალას, სამხედრო რესურსებსა და ტექნოლოგიებს ომის დანაშაულისთვის.ისინი ავრცელებენ ტერორს და თავს ესხმიან უდანაშაულო მოქალაქეებს. თუ საერთაშორისო საზოგადოება ასეთი უუნარო დარჩება, ვინ იცის რა უნდა გველოდოს,"- აცხადებს ლიბანის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სალიმ ბადოურა.

დღის ამბები