21 დეკემბერი 2024,   15:59
ვრცლად
"ძალიან კარგია, რომ თავიანთი გადაწყვეტილების უკან წაღება მოუწიათ" - ლევან ცუცქირიძე პრემიერის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საკითხზე, გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეცდომის გამოსწორებას ცდილობს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელისუფლებო პარტიის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლას უკავშირდება.

"ეს იყო პოლიტიკური ნიშნით ნაკარნახევი მოქმედება. მათ მოუწიათ უკან დახევა, იმიტომ, რომ მართალი ვართ ჩვენ. არ შეიძლება ამ ორგანიზაციების ასე აღიარება. ძალიან კარგია, რომ მოუწიათ თავიანთი გადაწყვეტილების უკან წაღება და ეს მხოლოდ დასაწყისია," - აღნიშნა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლევან ცუცქირიძემ.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ანტიკორუფციული გადაწყვეტილება იყო არასწორი, მისი თქმით, თუნდაც პოლიტიკურად მიკერძოებული იყოს დამკვირვებელი, მას უნდა ჰქონდეს უფლება დააკვირდეს არჩევნებს. რაქვიაშვილის თქმითვე, კარგია რომ არასწორი გადაწყვეტილება გამოსწორდა.

ცნობისთვის, პრემიერი მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და სხვა შესაბამის სუბიექტებს გაუუქმოს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი. ასევე, არჩევნებამდე თავი შეიკავოს იგივე სტატუსი შეუფარდოს სხვა სუბიექტებს. პრემიერის ოფიციალური განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და სრულად შეესაბამება კანონს, რადგან ფაქტია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს და აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუმცა პრემიერი განმარტავს, რომ სახელმწიფო ინტერესებისთვის და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, მიზანშეწონილია გამჭვირვალობა საქართველოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს სხვა სუბიექტებზეც.

დღის ამბები