დღეს ქართველი ეროვნული გმირისა და წმინდა მოწამის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა. თარიღი მისი დაბადების დღეს უკავშირდება.
ბიძინაობა ახმეტაში აღნიშნეს. ახმეტის ცენტრში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, გაიმართა ტრადიციული დოღი. ცენტრალურ სკვერში მოეწყო სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცე და შემოდგომის თემატიკისთვის დამახასიათებელი პავილიონები.
"ამ სამი მოწამის წმინდა ნაწილები იკორთის ტაძარში არის დასვენებული, ტაძარში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი. ამიტომ, ყველა ქართველი გმირის მიმართ, ჩვენი ვალია, რომ კვლავ შევძლოთ, ერთად ვილოცოთ ამ ტაძარში მათი სულებისთვის. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი და უპირველესი ეროვნული მიზანია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, მშვიდობით, ურთიერთშერიგებით, ურთიერთშენდობით, ეს არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს გაერთიანებისკენ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.