14 ოქტომბერი 2024,   19:10
ვრცლად
მთავრობის მეთაური ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს - ირაკლი კობახიძე უწყებას სთხოვს, "საერთაშორისო გამჭვირვალობას" საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას

მთავრობის მეთაური ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს. ირაკლი კობახიძე რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას სთხოვს, გადახედოს ეკა გიგაურის არასამთავრობოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას. პრემიერი ამის მიზეზად სახელმწიფო ინტერესებს და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან არიდებას ასახელებს. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებული იყო, თუმცა გიგაურის ღიად დაფიქსირებული პოლიტიკური მიზნები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და დამატებით სტატუსს არ საჭიროებს.   

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" აღმასრულებელი დირექტორი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, კომენტარზე უარს ამბობენ მისი ორგანიზაციის ოფისშიც. ეკა გიგაურის ნაცვლად, ისევ მისი მხარდამჭერი ოპოზიციონერი კოლეგები საუბრობენ.

დაშვებული შეცდომები ოპოზიციას და მათ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს მმართველმა გუნდმა შეახსენა. "ქართულ ოცნებაში" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს, 2020 წლის არჩევნებში, პარალელური ხმების დათვლის შედეგების გაყალბებასა და 2022 წელს, ხალხის ნების წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში.

ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად 24 სექტემბერს გამოაცხადა და მათ ფინანსური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა დაავალა. დაფინანსების შესახებ დოკუმენტების გასაჯაროებაზე ეკა გიგაურმა უარი თქვა.

 

დღის ამბები