13 ოქტომბერი 2024,   03:04
ვრცლად
"კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გაიზიარა ჩვენი მოწოდება... ამ შემთხვევაში, არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დადებითად შეაფასა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის გაუქმების შესახებ.

მისი განცხადებით, წმინდა სამართლებრივად, ეს ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტს წარმოადგენს თუმცა, ამ შემთხვევაში, არსებობს სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა, რომ ეს სტატუსი გაუქმებულიყო.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ანტიკორუფციულ ბიუროს იმისთვის, რომ გაიზიარა პირადად ჩემი და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოქმედებენ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით - მათ აქვთ გაცხადებული საარჩევნო დღის წესრიგი, პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში, რისი პირდაპირი მტკიცებულებებიც არსებობს. ამას ისინი არც მალავენ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, თავის დროზე, ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც ამ ორგანიზაციებს შეუფარდა გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი.

თუმცა, ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა. ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წმინდა სამართლებრივ კრიტერიუმებთან ერთად, სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდანაც ამოვიდეთ, როცა შესაბამის საკითხებზე ვმსჯელობთ. სწორედ აქედან გამომდინარე, წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, არ იქნებოდა მიზანშეწონილი "საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის" თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს არაფერს არ იძლევა - ერთადერთი, ამან შეიძლება ვიღაცებს საბაბი მისცეს სპეკულირებისათვის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ვერავის გააკვირვებს თავისი საარჩევნო დაკვირვებით, ვერც 2020 წელს გააკვირვა და, მითუმეტეს, ვერც 2024-ში გააკვირვებს, ისეთი შელახული აქვს მას რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა არავითარი საბაბი საუბრებისა და სპეკულაციებისთვის. კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გაიზიარა ჩვენი მოწოდება. ამ შემთხვევაში, არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები