12 ოქტომბერი 2024,   01:19
ვრცლად
"ჩვენ გავიმარჯვეთ და, ჩვენი სახით, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ" - ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი გაუუქმა, შეფასებები მოჰყვა. ორგანიზაციებში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები, მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უკვე გაუქმდა.

უსაფრთხოების ექსპერტმა, სამოქალაქო მოძრაობის "აირჩიე ევროპა" დირექტორმა, ხათუნა ლაგაზიძემ გადაწყვეტილებას ერთგვარი გამარჯვება აუწოდა.

"ჩვენ გავიმარჯვეთ და, ჩვენი სახით, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ. არ ვართ და არ ვიყავით პარტიები და შესაბამისად, არ ვაპირებდით ამ სუბიექტის სტატუსის აღიარებას. ახლაც მიმდინარეობს ჩვენი დავა საქალაქო სასამართლოში და ის აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე," - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

იურიდიული ფირმა "კოჟორიძე და პარტნიორების" დამფუძნებელი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება.

"კარგია, რომ ბოლოს მაინც მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება, მოუწიათ იმის თქმა, რომ "აირჩიე ევროპა" არ არის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი და ვერც ჩაითვლება, იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციას არასოდეს, არსად არ უთქვამს, რომ ის აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას და ხელისუფლებაში მოსვლას," - აცხადებს კახა კოჟორიძე.

ცნობისთვის, ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, წინა კვირას, ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების სტატუსი მიანიჭა, დღეს კი გადაწყვეტილება გააუქმა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" ერთად, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტის სტატუსი გაუუქმდა "აირჩიე ევროპას".

 

დღის ამბები