21 დეკემბერი 2024,   18:06
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზე და ქართველი ხალხის წინაშე წარდგომაზე როცა მიდგა საუბარი, მერე ვხვდებით ასეთ განცხადებას. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კეთდება წინა საარჩევნო პერიოდში - არჩილ გორდულაძე

რამდენი პარტია გაუქმდა უკრაინასა და მოლდოვაში, იქ ერთი ოპოზიციური პარტიაც კი აღარ არსებობს. არც ერთ ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, მე არ გამიგია, რომ ამერიკის საელჩოს განცხადება გაეკეთებინა - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

საუბარია ამერიკის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბანერზე, სადაც აღნიშნულია, რომ - "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".

"დღის კურიერის" ეთერში, გორდულაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას ჰგავს.

"რაც შეეხება ამერიკის საელჩოს დღევანდელ ქარდს, თუ სწორად მახსოვს, მეოთხე ქარდია და ასეთი ქარდებით საუბარი, ცოტა არ იყოს, უცნაურია ამხელა სახელმწიფოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური წარმომადგენლობისგან. ხომ არ დაგვავიწყდა, რამდენი პარტია არის ევროკავშირის ქვეყნებში უკვე აკრძალული, რამდენი პარტია გაუქმდა უკრაინასა და მოლდოვაში, იქ ერთი ოპოზიციური პარტიაც კი აღარ არსებობს. არც ერთ ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, მე არ გამიგია, რომ ამერიკის საელჩოს განცხადება გაეკეთებინა.

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, არა ერთხელ გვითქვამს ჩვენი გუნდის წევრებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“, მოღალატეობრივი ძალაა, რომელიც მთელი თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ადამიანების და ადამიანების უფლებების წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი და მათი ქმედებები სხვა არაფერი არ იყო, თუ არა მოღალატეობრივი ქმედებები. ამ ძალის გასამართლებაზე და ქართველი ხალხის წინაშე წარდგომაზე როცა მიდგა საუბარი, მერე ვხვდებით ასეთ განცხადებას, რაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა. ასევე, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კეთდება წინა საარჩევნო პერიოდში. ეს ძალიან ჰგავს ჩარევის მცდელობას ჩვენს პოლიტიკურ აქტივობებში," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები