21 დეკემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"ცუდი კანონი იყო, იმიტომ, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს" - ოპოზიციაში ო"ბრაიენის განცხადებას აფასებენ

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჯიმ ო"ბრაიენი შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ შტატები ყოველთვის ხმას აიმაღლებს, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები.

ო" ბრაიენის ამ გამოხმაურებას შეფასებები მოჰყვა თბილისში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები შემზღუდავია და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. 

"ცუდი კანონი იყო, იმიტომ, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს. მეორე მხრივ არ არსებობს პრობლემა, რომელზეც ეს კანონი პასუხობდა. წინასაარჩევნო პროპაგანდისტული ინსტრუმენტი იყო. სხვა თუ არაფერი, რამდენიმე თვეც კი არ ამოქმედდება და ფაქტობრივად, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს კანონი გაუქმებული იქნება და არაფერი არ შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როგორც პროპაგანდისტული იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ ნამდვილად გამოდგება", - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.

დღის ამბები