21 დეკემბერი 2024,   16:02
ვრცლად
"ეს მკვდარშობილი ფორმატი, ალბათ, იმ სცენარის გაგრძელებაა, რომელიც, სხვა ქვეყნების მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის ჩატარებას გულისხმობს" - ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე

პრეზიდენტის შეთავაზების შესახებ, ტექნიკური მთავრობის ფორმირების იდეასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. "ქართული ოცნება" ქვეყნის გარედან მართულ პროცესებზე საუბრობს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. 

"ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო უკანონობას ამ არჩევნებში. ეს, სამწუხაროდ, არის უცხოეთის ქვეყნების მხრიდან და ეს უპრეცედენტო უკანონობა არის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც პირდაპირ, უხეშად, უცერემონიოდ, რეციდივისტია ჩვენი კონსტიტუციის დარღვევის კუთხით. იმდენად არაპოპულარულია საზოგადოებაში არსებული ოპოზიცია, რომ ხალხს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ მომდევნო საკონსტიტუციო ვადით ანდოს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ მოიგონეს რაღაც კონსტრუქცია, რომ - ხალხო, ნუ გეშინიათ, ეს მხოლოდ ერთი წლით იქნება, რომ მერე ჩავატაროთ ჩვენს გემოზე მოწყობილი არჩევნები. აქედან გამომდინარე არის სწორედ ის, რომ ეს მკვდარშობილი ფორმატია და არის, ალბათ, იმ სცენარის გაგრძელება, რომელიც, სხვა ქვეყნების მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკისა და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას გულისხმობს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ქარტიის ხელმომწერებს ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის იხმობს. ამჯერად, კოალიციის ნაცვლად, საუბარია ტექნიკურ მთავრობაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის მზადებაზე. შეხვედრის პირველი რაუნდი სწორედ ქარტიაზე მსჯელობით გაიხსნა, თუმცა ირკვევა, რომ დოკუმენტის ყველა პუნქტის ერთგული ყველა ხელმომწერი არ არის. 

დღის ამბები