"დარწმუნებული ვარ, არცერთი პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა, გულის სიღრმეში არ აპირებს ამ ქარტიის შესრულებას" - ეს განცხადება პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა. პარტია "გირჩი" ქარტიას არარეალისტურ დოკუმენტად მიიჩნევს.
"როგორც იქნა, პრეზიდენტს გაახსენდა საკუთარი ქარტია და დაიწყო აქტივობა, რომ მინიმუმ, იქ რაც წერია, რეალობას დაემსგავსოს. მე, მართალი გითხრათ, ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა პრემიერობის ნაწილი, იმიტომ, რომ შინაარსობრივი ნაწილიც პრობლემა იყო, მაგრამ მგონი, ეს ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, არცერთი პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა, გულის სიღრმეში არ აპირებს ამ ქარტიის შესრულებას, მით უმეტეს - პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატზე დათანხმებას. სიამოვნებით დავაკვირდები ამ მორიგ "სანტა ბარბარას", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ქარტიის ხელმომწერებს ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის იხმობს. ამჯერად, კოალიციის ნაცვლად, საუბარია ტექნიკურ მთავრობაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის მზადებაზე. შეხვედრის პირველი რაუნდი სწორედ ქარტიაზე მსჯელობით გაიხსნა, თუმცა ირკვევა, რომ დოკუმენტის ყველა პუნქტის ერთგული ყველა ხელმომწერი არ არის.