07 ოქტომბერი 2024,   11:18
ვრცლად
“დარწმუნებული ვარ, ობიექტური სადამკვირვებლო მისია აუცილებლად შეიტანს თავის ანგარიშში, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ებრძვიან “ქართულ ოცნებას“ - არჩილ გორდულაძე

უკვე მესამე დღეა შეფასებების საგანია ევროკავშირის ელჩის მიერ გაკრიტიკებული “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სწორედ პაველ ჰერჩინსკის შეფასება გამოდგა დირექტივა კონკრეტული ტელევიზიებისთვის, რომლებმაც დაბლოკეს “ქართული ოცნების“ რეკლამა მათ არხებზე.

საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ევროპელი დიპლომატის განცხადება, საარჩევნო პროცესში პირდაპირი და უხეში ჩარევაა, თუმცა ფაქტს მიესალმა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. მმართველი გუნდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მომხდარზე სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ჰერჩინსკის განცხადებიდან გამომდინარე, როგორც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე, მისი არასამთავრობოები, ისე ტელევიზიები ერთხმად ამბობენ, რომ ჩვენი რეკლამა არ უნდა იქნეს განთავსებული. მე დარწმუნებული ვარ, ობიექტური სადამკვირვებლო მისია აუცილებლად შეიტანს თავის ანგარიშში, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ებრძვიან “ქართულ ოცნებას,“ ებრძვიან მშვიდობას და არიან პირები, რომლებსაც არ უნდათ, რომ “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს არჩევნებში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ 4 ოქტომბერს “სამარცხვინო“ და “შემზარავი“ უწოდა.

დღის ამბები