09 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
"მოგვიწოდებენ, რომ მივიღოთ ქართველი ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება - ამას არასდროს გავაკეთებთ, მიუხედავად ასეთი უაზრო რეზოლუციებისა" - ირაკლი ღარიბაშვილი

რას ნიშნავს საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციაზე მიერთება - თემა, რომელიც უკრაინის ომის დაწყების დღიდან საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის საგანია, უკვე ოფიციალურად აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ეს არის სანქციებზე მიერთების პირველი დოკუმენტურად დადასტურებული დირექტივა.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, დიდი ხანია, ცნობილია და ის, როგორც ჩანს, არც რეზოლუციის შემდეგ შეიცვლება - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სანქციებზე მიერთებას საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი ეფექტი ექნება - მათი არგუმენტია კვლევა, რომლის თანახმად, სანქციებზე სრულად მიერთებით, 2022 წელს, 10%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, ქვეყანას 11%-იანი ვარდნა ექნებოდა.

"სანქციების დაწესება, რეალურად, ნიშნავდა სანქციების დაწესებას ჩვენს თავზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არათუ 10%-ით გაიზრდებოდა, არამედ 10%-იანი ვარდნა ექნებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მოგეხსენებათ, ამ წლისთავზე უკვე შეიძლება ჩვენი ეკონომიკა შემცირებულიყო 20-30%-თაც კი. ეს რეალური საფრთხეები ჩვენ თავიდანვე რომ დავინახეთ და გავთვალეთ, სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ არ მივუერთდებოდით ამ სანქციებს.

ამის მიუხედავად, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ სანქციების გვერდის ავლაში ვინმეს დავეხმარეთ - ყველაფერი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ძალიან მაღალპროფესიულად გაკეთდა საქმე ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს მოწოდება, რომელიც თქვენ ნახეთ, რეალურად, არის მოწოდება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ - ანუ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ მივიღოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებისა. ამას არასდროს გავაკეთებთ, მიუხედავად ასეთი უაზრო რეზოლუციებისა და მსგავსი ტიპის ჩარევებისა," - აცხადებს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები