21 დეკემბერი 2024,   16:03
ვრცლად
700 000-მდე ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კიდევ 250 000 ადამიანი შემდეგი 4 წლის განმავლობაში დააღწევს თავს და სიღარიბე ჩამოვა 4%-მდე - ლევან დავითაშვილი

"700 000-მდე ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კიდევ 250 000 ადამიანი შემდეგი 4 წლის განმავლობაში დააღწევს სიღარიბეს თავს", - ამის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე ქვეყანაში 4%-მდე შემცირდება.

"ერთი ფაქტორით, რა თქმა უნდა, არასოდეს არ არის განპირობებული სიღარიბის შემცირება. სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა და ამ რაოდენობის არშემცირება პირდაპირ კავშირშია ჩვენს სოციალურ პოლიტიკასთან, რომელიც გულისხმობს, რომ მიუხედავად იმისა, ადამიანი დასაქმდება თუ არა და შეეცვლება თუ არა მას სოციალური მდგომარეობა, 4 წლის განმავლობაში მას სოციალური დახმარების მიღების უფლება უნარჩუნდება. ადრე იყო, რომ ეხსნებოდა მაშინვე.

იმის გამო, რომ ჩვენ წაგვეხალისებინა ასეთი ადამიანების დასაქმება, რომ მათ არ ჰქონოდათ დამატებითი საფრთხე და არჩევანი - შეენარჩუნებინათ სტატუსი თუ ეფიქრათ დამატებით შემოსავალზე თავიანთი ოჯახებისთვის, ისინი ინარჩუნებენ სტატუსს და ამ სოციალურ ბენეფიტებს და აქვთ საშუალება სოციალური ან ზოგადად დასაქმების კუთხით მეტი შემოსავალი მოუტანონ თავიანთ ოჯახს. ეს არის ჩვენი გააზრებული, რაციონალური პოლიტიკა, რომელიც ისევ მოსახლეობის გაუმჯობესების კუთხით არის მიმართული. აქ არის უბრალოდ რიცხვებით სპეკულაცია, რომ რადგან მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, უარესდება სიტუაცია, რაც ასე არ არის ნამდვილად.

700 000-მდე ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ძალიან კონკრეტული მაჩვენებელი იყო წარმოდგენილი პრემიერის პროგრამაში. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დღეს კიდევ 450 000-მდე ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა, მაგრამ კიდევ 250 000 ადამიანი შემდეგი 4 წლის განმავლობაში დააღწევს სიღარიბეს თავს. სიღარიბე ჩამოვა 4%-მდე, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი მაჩვენებელი, ჩვენ გვინდა სიღარიბის განულება, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები, მაგრამ დინამიკა და პროგრესი იქნება ცალსახა, ეს იქნება ნათელი.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის წყარო სიღარიბის დაძლევის - კომპლექსურია, მათ შორის, არის გაუმჯობესებული სოციალური სერვისები, ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ბიუჯეტის წყარო არის ისევ გაზრდილი ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები, ასევე ეკონომიკური ზრდა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია სამუშაო ადგილებთან, დასაქმებასთან და დასაქმების გზით მიღებული შემოსავალი არის უმთავრესი წყარო და არა ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლებით და ბენეფიტებით. თუმცა, კომპლექსში ეს ყველაფერი ერთად არის, რაც სიღარიბის დაძლევის საშუალებას გვაძლევს. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ 200 000 დამატებით დასაქმებულზე, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი როგორც სიღარიბეს დააღწევს თავს, ისე გააუმჯობესებს თავის მდგომარეობას.

ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ამოცანა - პირველი პრიორიტეტი, ასე რომ პრემიერის პროგრამაც იწყებოდა ზუსტად ეკონომიკური ზრდის პარამეტრებით. ჩვენ ვამბობთ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ნომინალური ბიუჯეტი გახდება 130 მილიარდი ლარი, რაც უფრო მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, მსყიდველობითი პარიტეტის მიხედვით, საერთაშორისო დოლარებში გამოხატული 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი როგორ შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში. აქ ძალიან საინტერესო მაჩვენებელი მინდა მოგიყვანოთ, რომ 10 000$ იყო დაახლოებით 2012 წლისთვის, 23 000$-ს გადაცდა უკვე დღეისთვის და 36 000$ არის დაგეგმილი 2028 წლისთვის," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები