21 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
2025 წელს თბილისიდან ბათუმამდე სრული მაგისტრალური გზით ვისარგებლებთ, ბათუმში ჩავალთ 3 საათში - ირაკლი ქარსელაძე

როდის გაიხსნება საავტომობილო გზები, რომლის მშენებლობაც დაწყებულია ან იგეგმება - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ მოქალაქეები თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლას 3 საათში, თელავში 1 საათსა და 20 წუთში, ხოლო სტეფანწმინდაში საათნახევარში შეძლებენ.

"2025 წელს თბილისიდან ბათუმამდე სრული მაგისტრალური გზით ვისარგებლებთ. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა ამჟამად არის ორ ზოლიანი, გათვალისწინებულია დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა და ამ მონაკვეთის გაოთხზოლიანება, ასევე დაიწყება და დასრულდება სადახლო, წითელი ხიდის მიმართულებითა და ბათუმი-სარფის მიმართულებით მშენებლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაკვეთების გახსნის შემდეგ ჩვენ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან უკვე შუა დერეფნის [ფუნქციას შევასრულებთ], ამ საზღვართან მისული ვიქნებით.

კახეთში 18 მეტრიანი ბაკურციხე-წნორისა და თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი მაგისტრალური გზები უკვე გახსნილია. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ახალი მონაკვეთების მშენებლობის დაწყება.

მომდევნო წელს იგეგმება მიმდინარე პროექტის, საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება, ასევე დაიწყება ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი-თელავისა და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა.

გარდა ამისა, როცა სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებაზე ვსაუბრობთ, როგორც ძირითადი, ასევე საევაკუაციო 9 კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბი უკვე გაჭრილია და გრძელდება სამუშაოები როგორც გვირაბის მიმართულებით, ასევე მისასვლელ გზაზე. აღნიშნული პროექტები დასრულდება და ასევე დაიწყება ნატახტრის შემოვლითი ანუ წიწამური-ჟინვალის პროექტი.

რეალურად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლის შედეგადაც ჩვენ ბათუმში ჩავალთ სამ საათში. თბილისიდან თელავში ჩავალთ საათსა და 20 წუთში და სტეფანწმინდაში საათნახევარში", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დღის ამბები