10 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ქარიშხალმა "მილტონმა" ფლორიდას მიაღწია - ძლიერ ქარს თან ახლავს ტროპიკული წვიმა

ქარიშხალმა "მილტონმა" ფლორიდას მიაღწია - ძლიერ ქარს თან ახლავს ტროპიკული წვიმა; ზოგიერთ რაიონში იყო ტორნადო და წყალდიდობაც. მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა რაოდენობა ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არ არის.

შტორმი ფლორიდის მიმართულებით მექსიკის ყურიდან წამოვიდა. მას თავდაპირველად მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია ჰქონდა, თუმცა ეტაპობრივად სტიქიამ ძალა დაკარგა და ამჟამად მისი სიჩქარე თითქმის განახევრებულია.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება და სპეციალისტები ფლორიდის მცხოვრებლებს აფრთხილებენ, რომ ქარიშხალს ჯერ კიდევ აქვს დამანგრეველი ძალა, ამიტომ უსაფრთხო ადგილებში უნდა დარჩნენ. საშიში ტერიტორიიდან წინასწარ მოხდა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია. ფლორიდა კატასტროფის ზონად არის გამოცხადებული.

"მილტონს ისევე როგორც ადრე უდიდესი დამანგრეველი ეფექტი აქვს. დასახლებული პუნქტების სრულად განადგურება შეუძლია. ასევე ადამიანური მსხვერპლის გამოწვევა. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას ვინც ამ ქარიშხლის ზონაში იმყოფება გაითვალისწინეთ ადგილობრივი მთავრობის მოწოდებები და იხელმძღვანელეთ უსაფრთხოების ინსტრუქციებით. როგორც ჩანს ამ ეტაპზე ევაკუაცია ფერხდება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას ეძებეთ უსაფრთხო თავშესაფარი. ხშირად რამდენიმე მილით გადაადგილება სიკვდილ სიცოცხლის საკითხია," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

დღის ამბები