21 დეკემბერი 2024,   16:52
ვრცლად
არ მიკვირს, რატომ მიაჩნიათ "ძლიერი საქართველო" მთავარ საფრთხედ, სწორედ ჩვენი კოალიცია იქნება მთავარი როლის შემსრულებელი ცვლილებებში - საბა ბუაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურნენ, სადაც მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიზნების შესახებ ისაუბრა.

საბა ბუაძის შეფასებით, მმართველი პარტიისთვის მათი კოალიცია მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.

"არ მიკვირს, რატომ მიაჩნია ჩვენი კოალიცია "ძლიერი საქართველო" "ქართულ ოცნებას" მთავარ საფრთხედ, ვინაიდან სწორედ ჩვენი კოალიცია იქნება მთავარი როლის შემსრულებელი იმ გარდამტეხ ცვლილებებში, რომელიც 26 ოქტომბერს დადგება," - განაცხადა საბა ბუაძემ.

ანა დოლიძის შეფასებით კი, ხელისუფლების პოლიტიკით იმედგაცრუებული არიან.

"წლებია მე და ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულნი ვართ "ქართული ოცნების" პოლიტიკით. ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირ შეისრუტა "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი პირი და, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლება. "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და გააგრძელა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა. მთავარი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, აქ სამუშაო ადგილების შექმნა, აქ ხალხის დამაგრება, რომ 27 ოქტომბრიდან კი არ გარბოდეს ადამიანი, არამედ უხაროდეს საქართველოში დაბრუნება," - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ოპოზიციის ანტიეროვნულ მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ შორის განსხვავება მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიის ლოგოა. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას გუნდების ერთობლივ ქმედებებზე ისაუბრა, რომელიც მამუკა მდინარაძის შეფასებით, ქვეყნის გარედან იმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა მათ წარსულზეც და საზოგადოებას მოუწოდა გაანალიზონ ფაქტები, რომლებზეც დღეს მან აქცენტი ბრიფინგზე გააკეთა. ხაზარაძის კონტექსტში მდინარაძემ გაიხსენა, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ღამის საათებში გადაფორმებული ქონებებისა და ბიზნეს წილების შემთხვევები, მოქალაქეების ბინებიდან გამოსახლება. გიორგი გახარიამ კი, როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, არაერთხელ სცადა ხელისუფლების იმიჯის მიზანმიმართული დაზიანება. მან გაიხსენა მათ შორის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები, 20 ივნისი, პანკისის, მესტიისა და ჩორჩანას მოვლენები. 

დღის ამბები